суббота, 26 июня 2010 г.





ამფიბიები

ამფიბიები, წყალხმელეთა ცხოველები (ბერძნ. αμφις "ორივე" და βιος "სიცოცხლე"), ხერხემლიანი ცხოველების კლასი, რომელსაც გამომუშავებული აქვს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე არსებობის უნარი. ამფიბიები წყლიდან წყალხმელეთა ცხოვრების ნირზე გადასული პირველი ხერხემლიანები არიან.

თევზების მსგავსად ისინიც ქვირითს ყრიან (ზოგი ცოცხალ მშობია), რადგან მათ კვერცხებსა და ჩანასახს არა აქვთ ხმელეთზე განვითარების სამარჯვები (უამნიონოები). უმეტეს შემთხვევაში განვითარება მეტამორფოზით მიმდინარეობს. ამფიბიების სხეულის ორგანიზაცია არ არის ისეთი სრულყოფილი, როგორც ხმელეთის ხერხემლიანებისა. მათი სხეულის ტემპერატურა ცვალებადია, ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა - დაბალი და სხვა.

თანამედროვე ამფიბიებს ეკუთვნის 2850-მდე სახეობა, რომლებიც ერთიანდება 3 რიგში: უფეხო ამფიბიები, კუდიანი ამფიბიები და უკუდო ამფიბიები. ამფიბიების კანი შიშველი, რბილი და ნოტიოა, შეიცავს ნაირგვარი სეკრეტის გამომზოფ ჯირკვლებს. ზოგ ამფიბიას შხამის გამომყოფი ჯირკვლები აქვს (სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი გომბეშო). ამფიბიებს ორი კეფის როკი აქვთ. მალათა რაოდენობა 9-იდან (უკუდო ამფიბიების უმრავლესობა) 275-მდე (უფეხო ამფიბიები) მერყეობს. უკუდო ამფიბიების უმრავლესობის ნეკნები მთლიანად რედუცირებულია. წინა ტვინი, რომლის ნახევარსფეროები მთლიანად გაყოფილია, კარგადაა განვითარებული, ხოლო ნათხემი - სუსტად. თავის ტვინიდან გამოდის 10 წყვილი ნერვი. ამფიბიების ლარვებს გვერდითი ხაზის ორგანოები (გვერდითი ხაზი) აქვთ. ნიადაგში მცხოვრებ უფეხო ამფიბიებსა და მღვიმეებში ბინადარ კუდიან ამფიბიებს სუსტად აქვთ განვითარებული თვალები.

ყველა ზრდასრული ამფიბია ცხოველებით იკვებება. გომბეშოებსა და პიპებს კბილები არა აქვთ. სარჩოს დაჭერაში მათ ხელს უწყობს საკმაოდ გრძელი და მოძრავი ენა, რომელიც წებოვან ლორწოს გამოყოფს. საჭმლის მომნელებელი მილი მოკლეა. ზრდასრული ამფიბიები ძირითადად ფილტვებით სუნთქავენ, ხოლო ლარვები - ლაყუჩებით. სუნთქვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანი. ზოგი ამფიბია (მაგ., უფილტვო სალამანდრებნი) მხოლოდ კანით სუნთქავს. წყალში ბინადარი კუდიანი ამფიბიები კი მთელი სიცოცხლე - ლაყუჩებით.

ძუძუმწოვრები


ძუძუმწოვრები (Mammalia), ცხოველების კლასი ხერხემლიანების ქვეტიპისა. მათი სხეულის სიგრძე 1,5 სმ-იდან (ფუღუ) - 33 მ-ზე მეტია (ლურჯი ვეშაპი), შესაბამისად მასა - 1,5 გ-იდან, 190 ტ აღწევს. ჩვეულებრივ წაგრძელებული სხეული აქვთ, 5-5-თითიან 4 კიდურზე დაყრდნობილი. ზოგს (ცხენებსა და სხვა) ნაკლები თითი აქვს. ხელფრთიანების კიდურები ფრთებადაა გადაქცეული, ხოლო ფარფლფეხიანებისა - ფარფლებად. ცხოვრების ნირის შესაბამისად, ძუძუმწოვრებს თევზისებური სხეული აქვს, უკანა კიდურები არ გააჩნია. კანი ბალნით აქვთ დაფარული. ვეშაპებს, ბეჰემოთს და ზოგ სხვა ძუძუმწოვრებს ბალნიანი საფარველი მეორეულად რედუცირებული აქვს. კანის წარმონაქმნებია ბრჭყალი, ჩლიქი, ფრჩხილი, რქა, ქერცლი და სხვა. ძუძუმწოვრებს აქვთ მუშკის, თებოს, ოფლისა და სხვა ჯირკვლები. მნიშვნელოვანია სარძევე კირკვლები, რომელთა სეკრეტით დედა კვებავს თავის ნაშიერებს.

სისხლის მიმოქცევის წრეები

სისხლის მიმოქცევის წრეები – ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ნაწილი, ე. ი. იმ სისხლძარღვების ერთობლიობა, რ – ებიც შეადგენენ სისხლის გზას გულის ერთი ნაწილიდან მეორემდე და გაივლიან მთელ სხეულს ან მის რომელიმე ნაწილს. ცხოველთა უმრავლესობას ერთადერთი დიდი სისხლის მიმოქცევის წრე აქვს: სისხლი გამოდის გულის ერთი ბოლოდან აორტით, არტერიებით ნაწილდება სხეულში და ვენებით უბრუნდება გულს (ადამიანისა და ხმელეთის ხერხემლიანების სისხლის მიმოქცევის წრეები იწყება მარცხ. პარკუჭიდან და ბოლოვდება მარჯვ. წინაგულში). ფილტვებით მსუნთქავ ხერხემლიან ცხოველებსა და ადამიანს (აგრეთვე ორგვარადმსუნთქავ თევზებს, რომლებიც დროდადრო საცურავ ბუშტს ფილტვებად იყენებენ) აქვთ აგრეთვე მეორე - მცირე სისხლის მიმოქცევის წრე. მას შეადგენს გულის მარჯვ. პარკუჭიდან (ამფიბიებში - ერთიანი პარკუჭის მარჯვ. ნახევრიდან) გამომავალი ფილტვის არტერია, რომელსაც ფილტვებში ნახშირორჟანგით მდიდარი (ვენური) სისხლი მიაქვს, და ფილტვის ვენა რომელსაც ჟანგბადით გამდიდრებული (არტერიული) სისხლი მიაქვს მარცხ. წინაგულში. ერთმანეთისაგან სრულად გამიჯნული დიდი და მცირე სისხლის მიმოქცევის წრეები აქვთ მხოლოდ ფრინველებს, ძუძუმწოვრებსა და ადამიანს.

გული (ორგანო)



გული, ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას.

გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის (ქორდიანები) ნაწილში.
64 წლის კაცის გული

უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა (უმაღლესი ჭიები, ფეხსახსრიანები და სხვა). ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად (მოლუსკები, ხერხემლიანები).

ლაყუჩებით მსუნთქავ ხერხემლიანებს (უყბოები, თევზები, ამფიბიებიის ლარვები), რომელთათვისაც დამახასიათებელია სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, აქვთ თითო წინაგული და პარჯუჭი (ორკამერიანი გული), სადაც მხოლოდ ვენური სისხლია. ფილტვებით სუნთქვისას, ე. ი. სისხლის მიმოქცევის მეორე წრის გაჩენისას, გულში არტერიული სისხლიც შედის და გული მარჯვენა (ვენურ) და მარცხენა (არტერიულ) ნახევრად იყოფა.